---
title: 'უკანონო მიშენებების პრობლემატიკა — უსაფრთხოების რისკები და გავლენა უძრავი ქონების ღირებულებაზე'
url: 'https://shotagujabidze.com/ge/media/the-issue-of-illegal-building-extensions'
markdown: 'https://shotagujabidze.com/ge/media/the-issue-of-illegal-building-extensions.md'
lang: ge
date: '2017-01-31'
description: 'BPN.ge-სთან ინტერვიუში შოთა გუჯაბიძე საუბრობს თბილისში უკანონო და კუსტარული მიშენებების პრობლემატიკაზე, მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების რისკებსა და მოქმედი სანქციების აუცილებლობაზე. ინტერვიუში ასევე განხილულია მიშენებების გავლენა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე და ძველი, ხშირად ამორტიზებული მრავალსართულიანი შენობების მდგომარეობა.'
taxonomy:
  tag:
    - 'real estate'
    - tbilisi
---

# უკანონო მიშენებების პრობლემატიკა — უსაფრთხოების რისკები და გავლენა უძრავი ქონების ღირებულებაზე

![](https://shotagujabidze.com/user/pages/03.media/05.the-issue-of-illegal-building-extensions/bpn.ge.webp) 

BPN.ge-სთან ინტერვიუში შოთა გუჯაბიძე საუბრობს თბილისში უკანონო და კუსტარული მიშენებების პრობლემატიკაზე, მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების რისკებსა და მოქმედი სანქციების აუცილებლობაზე. ინტერვიუში ასევე განხილულია მიშენებების გავლენა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე და ძველი, ხშირად ამორტიზებული მრავალსართულიანი შენობების მდგომარეობა: *<https://www.bpn.ge/article/31105-neli-mokmedebis-nagmebi-tbilisshi/>*

**ციტატა**:

> ჩვენს დედაქალაქში მიშენებები მართლაც რისკის შემცველია. ისინი ზოგ შემთხვევაში დიდ, ზოგ შემთხვევაში კი - შედარებით მცირე საფრთხეს შეიცავს. ამიტომ, ის ჯარიმები და სანქციები, რომელიც უკანონო მიშენებებზე ვრცელდება, გამართლებულია. ერთია ქალაქის იერსახის დამახინჯება, მაგრამ მთავარი მაინც ის რისკია, რომელიც კუსტარულ მშენებლობებს ახლავს.
> 
> მიშენებები და ბინების ამ გზით გაფართოება 1990-იან წლებში დაიწყო. რა თქმა უნდა, გაფართოების სურვილი ყველას გაუჩნდა და ხალხმა მასობრივად დაიწყო კორპუსებზე ლოჯიების მიშენება, ან დაშენება. ძალიან ბევრ ადგილას უზარმაზარი კონსტრუქციებია შეზრდილი ძველ, უკვე არსებულ ობიექტებთან. საკითხავია, რა ტექნოლოგიით ხდებოდა ეს, რა მასალას იყენებდნენ, ან რამდენად საიმედო იყო ეს მასალა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტორიც, რომ კორპუსი, რომელზეც მიშენება სურთ, ხშირად უკვე ამორტიზებულია. ამ შემთხვევაში მიშენება განსაკუთრებით საშიშია. ნებისმიერ ოჯახს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ შენობის ფასადი შეცვალოს, ან ბოლო სართულზე დააშენოს და გაფართოვდეს. როდესაც მიშენება კუსტარულია, რისკი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მერია ყველა უკანონო მიშენებას აჯარიმებს, რომლის შესახებაც მერიის არქიტექტურულ სამსახურს ინფორმაცია არა აქვს. ყველა უკანონო მიშენება თუ დაშენება დემონტაჟით, ან ფულადი სანქციებით ისჯება. სხვადასხვა შემთხვევაში სანქციების სიმკაცრე განსხვავებულია და ეს კარგია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს - არ არის სასურველი თვითნებურად არქიტექტურული სამუშაოების ჩატარება.
> 
> უძრავი ქონებით ვაჭრობისას ხშირად ვაწყდებით ასეთ პრობლემას: როგორ უნდა შეფასდეს იმ ბინის ფასი, რომელსაც მიშენება აქვს? ამ დროს უძრავი ქონების ექსპერტს მიშენებული ფართის ღირებულების განსაზღვრა ძალიან უჭირს. მიშენება ბინას აფართოებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი სახლის ფასიც და პრესტიჟიც ნაკლებია. რა თქმა უნდა, იქვე, ახალაშენებულ კორპუსში სრულიად სხვა ფასი ექნება 1 კვ.მეტრ ფართობს, ვიდრე იმ ბინაში, სადაც მიშენებული ფართია.
> 
> თანაც, მიშენება უმეტესწილად „ხრუშჩოვკებზე“ და ძველ კორპუსებზე გვხვდება, რომელთა უმეტესობა 50 წელს არის გადაცილებული. 50 წელი არ ნიშნავს, რომ ეს შენობა აუცილებლად დაინგრევა, რადგან ნორმალური ექსპლუატაციის და მოვლის შემთხვევაში მრავალსართულიანი კორპუსები უფრო დიდხანს ძლებს, მაგრამ ძველ კორპუსებს ასეთი მოვლა არ ჰქონია, ამიტომ, მათი უმრავლესობა ამორტიზებულია. შენობა ყოველთვის ექვემდებარება რესტავრაციას და რეაბილიტაციას და თუ არ ექვემდებარება, მაშინ მის ადგილზე რაღაც ახალი და უკეთესი უნდა აშენდეს.

---

## Navigation

- Parent: [მედია](https://shotagujabidze.com/ge/media.md)
- Previous: [სადავო სამშენებლო ნებართვები და ქაოსური მშენებლობები თბილისში — საქართველოს პირველი არხი](https://shotagujabidze.com/ge/media/disputed-construction-permits-and-unregulated-development-in-tbilisi.md)
- Next: [რას გამოიწვევს ბინების ლარში რეალიზაცია? — PalitraNews](https://shotagujabidze.com/ge/media/what-will-be-the-impact-of-selling-apartments-in-georgian-lari.md)
