ShotaGujabidze.com

ბუნებრივი გაზის რეგიონული ეკონომიკური ჰაბი საქართველოში — სადოქტორო დისერტაცია

2023 წლის 20 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა შოთა გუჯაბიძემ, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას ხელმძღვანელობით, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „ბუნებრივი გაზის რეგიონული ეკონომიკური ჰაბი საქართველოში“.

იმდენად, რამდენადაც საკვლევი თემა ინტერდისციპლინარულია, კვლევის ეტაპზე შოთა გუჯაბიძე მჭიდროდ თანამშრომლობდა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლებსა და დოქტორანტებთან.

როგორც შოთა გუჯაბიძე აღნიშნავს, სადოქტორო ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა. შესწავლილ იქნა აზერბაიჯანისა და კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნების ბუნებრივი გაზის რეზერვების ევროპაში მიწოდების შესაძლებლობები და საქართველოს პოტენციალი არა მხოლოდ სატრანზიტო ოპერაციებში მონაწილეობის, არამედ უშუალო სავაჭრო პლატფორმისა და რეგიონული გაზის ჰაბის შექმნის პერსპექტივის თვალსაზრისით.

შოთა გუჯაბიძე:

სამუშაოს ფარგლებში ჩავატარეთ ევროპის გაზით მომარაგების პრობლემის ანალიზი. შევადარეთ საქართველოდან შავი ზღვის გავლით გაზის ტრანსპორტირების მეთოდები ევრაზიის შუა დერეფნის სატრანსპორტო შესაძლებლობების გათვალისწინებით და დავადგინეთ ჩვენი პირობებისთვის ოპტიმალური ტრანსპორტირების ვარიანტი. განვსაზღვრეთ სამიზნე პორტები ევროპის ქვეყნებში მიწოდებისთვის.

ასევე შევიმუშავეთ თხევადი გაზის ტრანსპორტირების მოდულური მეთოდი მიწისქვეშა საცავზე დაფუძნებული ტერმინალით, რომელიც საქართველოს პოზიციებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში ძალზე ეფექტურსა და კონკურენტულს ხდის.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ალექსანდრე სიჭინავას განცხადებით, შოთა გუჯაბიძის სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევები და შემუშავებული გადაწყვეტები საბოლოო ჯამში ემსახურება ერთ ძირითად მიზანს — საქართველოში გაზის რეგიონული ჰაბის შექმნის გზით საქართველოს როლის გაძლიერებას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში.

ალექსანდრე სიჭინავა:

ევროპის გაზით მომარაგების პრობლემის ანალიზის ჩატარებისას დოქტორანტის მიერ გამოვლენილია პრობლემების გამომწვევი მიზეზები და შემოთავაზებულია მათი გადაწყვეტის ეკონომიკურად დასაბუთებული, შეიძლება ითქვას, ნოვატორული მეთოდები. ნაშრომში დეტალურად ჩანს ყველა კონცეფცია, თუ რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ, როგორც შუა დერეფნის ფუნქციის მატარებელმა, იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ გაზის ჰაბად. ეს კი, თავის მხრივ, ათეულობით მილიონი ლარის მოგებას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.

ასევე განავითარებს მრეწველობის აქამდე დაკონსერვებულ დარგებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს გაზპროდუქტების შენახვის, წარმოებისა და ტრანსპორტირების ცენტრი. დღეს ევროპა დგას ურთულესი გამოწვევების წინაშე — ჩაანაცვლოს რუსულ გაზზე დამოკიდებულება ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მარაგების მოძიებითა და მისი ტრანსპორტირებით. ევროპამ იპოვა გზა, მაგრამ მიღებული გაზი დაახლოებით ორჯერ უფრო ძვირი უჯდება. ამასთანავე, ევროპა სრულად ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას გაზსაცავების საშუალებით.

განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, რის გამოც სეზონური ფასთაშორისი სხვაობის გავლენა საკმაოდ დიდია. შოთა გუჯაბიძის სადოქტორო თემა კი არის ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტისკენ გადადგმული წარმატებული ნაბიჯი.