BPN.ge-სთან ინტერვიუში შოთა გუჯაბიძემ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა, მისი ზრდის წინაპირობები და ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური, პოლიტიკური და სეზონური ფაქტორები შეაფასა. მისი განმარტებით, სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ეკონომიკური გარემო, ხოლო ბაზრის დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც შიდა და გარე პროცესები, ისე უცხოეთიდან შემოსული ფინანსური ნაკადები და ტურიზმი.
ციტატა:
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილი და რენტაბელურია. თუმცა, ამ სექტორს აქვს რამდენიმე მინუსი, მაგალითად, ბაზარზე უკონტროლო ზრდა ან შემცირება ხდება კონკრეტულ პერიოდებში. უძრავი ქონების ბაზარს ზრდისთვის სჭირდება მუდმივი, უწყვეტი და სტაბილური პირობები. ამას ხელი უნდა შეუწყოს როგორც ბიზნესმა, ხელისუფლებამ და დეველოპერმა, ასევე მყიდველმა და ზოგადად მოსახლეობამ, რადგან ეკონომიკური ზრდა ხდება მშვიდ, სტაბილურ გარემოში, მაშინ, როცა მაღალი მოთხოვნა და ინტერესია. როდესაც რაიმე სახის პრობლემებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და მსოფლიოში, ეს გავლენას ახდენს საქართველოს უძრავი ქონების სექტორზეც, ვინაიდან დარგი ნაწილობრივ დამოკიდებულია უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებსა და ტურისტულ ნაკადებზე.
უძრავი ქონების ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობა არის წინა პერიოდიდან ნაკარნახევი. ცალსახად ვაფიქსირებ, რომ მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, ვაკეთებ ბაზრის მიმოხილვას - ზამთრის პერიოდში პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად იყო კრიზისული სიტუაციები, რთული ვითარება იყო ეკონომიკურადაც, ამას დაემთხვა სეზონურობაც.
გაზაფხულიდან ბაზარი უკვე იწყებს წინ წამოწევას, ყველაფერი უნდა წავიდეს ზრდისკენ. მაგალითად, ზამთარში თუ იჯარის ბაზარი შედარებით დაქვეითებული იყო, ახლა ეს ყველაფერი წავა პლუსისკენ. თუმცა, უძრავი ქონების არსებული სიტუაციის ანალიზი ეფუძნება გასული პერიოდების ანალიზს და წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა მოხდება უახლოეს პერიოდში, რადგან გარემოქმედი ფაქტორები არის არაპროგნოზირებადი.